კანონპროექტი არასრულწლოვანთა ინტერნეტ–რისკებთან დაკავშირებით

1,278

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ  განაცხადა, რომ მიმდინარეობს “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და ის ძალაში უახლოეს მომავალში შევა:

“ჩვენ ერთი წელია ვმუშაობთ საკითხზე, იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო ვირტუალური სამყარო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. შედეგად, გამოვყავით ძირითადი რისკები, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები, პორნოსაიტებზე ხელმისაწვდომობა, რისკების შემცველია ქსელური თამაშებიც, პირადი ინფორმაციის დაუცველობაც და ასევე მოზარდების მხრიდან, ყალბი ტრანზაქციების განხორციელება”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, ონლაინ რისკებისგან თავდასაცავად და უსაფრხთო ინტერნეტ სამყაროს შესაქმნელად, სახელმწიფო არ აწესებს არც კონტროლს და არც ცენზურას, არამედ დაწესდება ვალდებულება პროვაიდერებისთვის, რომ დააყენონ ფილტრები ზიანის შემცველი ინფორმაციებისთვის და ისინი დაბლოკონ მანამ, სანამ არასრულწლოვნებამდე მივა.

“კანონპროექტის ფარგლებში, ვაჩენთ ვალდებულებას, რომ პროვაიდერებმა მოამზადონ საცნობარო მასალა მშობლებისთვის, მოზარდებისთვისა და პედაგოგებისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვან და რა დაცვის მექანიზმები არსებობს ინტერნეტ-სივრცეში. არასასურველი ინფორმაცია კი, იქნება კოდიფიცირებული და მისი გახსნის საშუალება მხოლოდ მშობელსა და ზრდასრულ ადამიანს ექნება”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესდება სანქციები საქართველოს ბაზარზე მოღვაწე პროვაიდერებისთვის, რომელიც 3–დან 30 ათას ლარამდეა დაწესებული.

 

წყარო: bm.ge