ხანდაზმულობის ვადები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე

1,133

2018 წლის 30 ნოემბერს, იურიდიული კომპანია „BGL“-ის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში – ,,ადვოკატების ინიციატივა ცვლილებებისთვის”   გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

აღნიშნული თემის განხილვა განხორციელდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი – კონსტანტინე გამსახურდია, ადვოკატები და სხვა დაინტერესებულ პირები, რომელთაც სურთ ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის აღდგენა.

საკითხის განხილვა მიმდინარეობდა საინტერესო დისკუსიის ფონზე, დამსწრე პირებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისი, მისი შეჩერება და შეწყვეტა, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნულ მოვლენას ადგილი ჰქონდა 1993 წელს, რა პერიოდშიც მოქმედებდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კანონმდებლობა, დაისვა საკითხი სისხლის სამართლის მატერიალური და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების ფარგლების შესახებ ზვიად გამსახურდიას  საქმესთან მიმართებით.

დამსწრე პირები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ზემოაღნიშნული საქმის გახსნა წარმოადგენს საზოგადოებისათვის ისტორიული მნიშვნელობის მქონეს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული მაღალ დონეზე და მოკლე ვადებში.

იურიდიული კომპანია „BGL“ მზად არის ორგანიზება გაუწიოს მსგავსი სახის შეხვედრებს სამართლებრივ სივრცეში არსებულ პრობლემურ საკითხებზე, რათა იურიდიულ სფეროში მოღვაწე პირებს, რომელთაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება, საშუალება მიეცეთ გამოხატონ თავისი პოზიცია და მივიდნენ კონკრეტულ შედეგებამდე, რომელიც, რიგ შემთხვევებში, შეცვლის არსებულ სამართლებრივ მიდგომებს უკეთესობისკენ.

იურიდიული კომპანია „BGL“ მოხარული იქნება შეიტანოს თავისი წვლილი მსგავს ღონისძიებებში.