საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ახალი რეგულაციები

1,032

საქართველოს ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუქციაა   საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა.   საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან სესხის გაცემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. რეგულაციების მიხედვით სესხის გაცემა შეუძლია  „სესხის გამცემ სუბიექტს’’ , რომელიც  რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  2018 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება.

ზედამხედველობა ითვალისწინებს:

  • სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას;
  • შემოწმებასა და რეგულირებას;
  • წერილობითი მითითებების გაცემას;
  • მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.

სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები.  სესხის გამცემი სუბიექტის (სგს) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. სგს-დ დასარეგისტრირებლად  ეროვნულ ბანკს განცხადებით მიმართავს პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ან ინდივიდუალური მეწარმე.  განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წინასწარ დადგენილი დოკუმენტაცია სრულად.  ბრძანებით დეტალურად არის განსაზღვრული რეგისტრაციის,  მისი გაუქმებისა და უარის თქმის  საფუძვლები, სანქციები და შეზღუდები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით ასევე დადგინდა სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი.   „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  2018 წლის   27   სექტემბრის ბრძანება  №218/04.

დარღვევები და სანქციები:

  • სესხის გამცემი სუბიექტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
  • ფინანსური ანგარიშგების დადგენილი ფორმითა ან/და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
  • სესხის გამცემ სუბიექტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობა ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
  • მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა ან/და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოების შემთხვევაში სესხის გამცემი სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

 

ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა შიდა ეკონომიკურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია  განვითარების სწორი და დროული სტრატეგიის შემუშავება, რათა ქვეყანაში ეკონომიკური მდგრადობა არ გაუარესდეს.  მიმდინარე რეგულაციებთან დაკავშირებით, გაჩნდა მნიშვნელოვანი კითხვა თუ როგორ აისახება მომხმარებელზე ახალი რეგულაციიები?

“პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” წესის ამოქმედებამდე ანუ პირველ იანვრამდე, საქართველოს ათასობით მოქალაქემ გააფორმა იპოთეკური სესხები, რადგანაც მათ 1 იანვრის შემდეგ, ამ სესხების აღება მნიშვნელოვნად შეეზღუდებოდათ. დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოში იპოთეკური სესხების გაცემის ტემპი მთელი 36.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ნათლად მიუთითებს,  რომ რეგულაციები რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა მნიშვნელოვნად შეცვლის ეკონომიკურ   ვითარებას საქართველოში და მიმაჩნია, რომ ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის მზარდ განვითარებას.

ნანა შუკაკიძე (დამწყებ ადვოკატთა სკოლის სტაჟიორი)