სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ საარსებო შემწეობის მიღების, ოჯახის ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტისა და ოჯახისთვის განკუთვნილი სხვადასხვა შეღავათის შესახებ

870

საარსებო შემწეობის მიღების უფლების მოსაპოვებლად, საჭიროა:

  • ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მიმართოს სოციალური დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
  • შეავსოს დადგენილი ფორმის განაცხადი;
  • განცხადების შევსების შემდეგ, სოციალური აგენტის ვიზიტის დროს, შეივსება „ოჯახის დეკლარაცია“, ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
  • დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლითაც განისაზღვრება საარსებო შემწეობის მიღების უფლება.

ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:

  • სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
  • იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
  • ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
  • სასამართლოს მიერ უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
  • სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;

სოციალური აგენტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს ავსებს იმ შემთხვევებში თუ:

  • ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;
  • ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი;
  • ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს;
  • ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას;
  • ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე;
  • ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა;
  • ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები;
  • სხვა მიზეზი, როცა ვიზიტის დროს რაიმე გარემოების გამო სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ან როდესაც შეუძლებელია ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ. განაცხადში მითითებული მისამართი არ არსებობს ან მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობა);
  • ოჯახი უარს ამბობს ბავშვ(ებ)ის დეკლარაციის შევსებაზე;

ოჯახის სარეიტინგო ქულის ოდენობა განსაზღვრავს ოჯახის უფლებას საარსებო შემწეობის მიღებაზე და სხვა სახის სარგებელზე. საარსებო შემწეობა გაიცემა შემდეგი ოდენობით:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე –განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე –განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე –განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე;

საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს:

  • ოჯახის წევრის განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
  • ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში;
  • შემოსავლების გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობასა (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;
  • იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღის მომდევნო 30-ე კალენდარულ დღემდე არ დარეგისტრირდება „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – worknet.gov.ge.
  • იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიანი წევრი დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ გააუქმებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge „სამუშაოს მაძიებლად“ რეგისტრაციას;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს სოციალურად დაუცველთა ოჯახებისათვის:

  • საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-117 დადგენილებით, გათვალისწინებულია ქვეპროგრამები: „სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების“, „სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების“, „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების და სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების“ და სხვა ქვეპროგრამები;
  • მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირისთვის, რომელსაც ჰყავს ოთხი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, ელექტროენერგიის სუბსიდიის (სოციალური შეღავათის) ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად არაუმეტეს 20 ლარს, ხოლო მე–5 და მომდევნო თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე – დამატებით არაუმეტეს 10 ლარს, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით. სოციალურად შეღავათს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის ოჯახი იღებს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 300 000 პირობით ერთეულზე;
  • საქართველოს მთავრობის მიერ ყოველწლიურად მიიღება დადგენილებები, რომლის მიხედვით ხორციელდება, კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის იმ სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000–ზე;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათები;