ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

იურიდიული კომპანია BGL-ის ადვოკატების წარმოებაში არსებული საქმეებიდან

737

ადვოკატ – ლამარა ბარკალაიას მომართა მოქალაქე მ.მ -მ, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მის კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინა. სამგორის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მ.მ-ს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა, მ.მ. გახდა ბინის მესაკუთრე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრიდან, თუმცა მ.მ. ვერ სარგებლობს საკუთრებით, რომელიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს ლ.ჩ-ს ოჯახს და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს მას.

ადვოკატმა ლამარა ბარკალაიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და სასამართლომ დაადგინა, რომ ლ.ჩ-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მ.მ-ს. აღნიშნულ გამოსახლებაში იყო ჩართული აღსრულების ეროვნული ბიუროც, თუმცა მათი მოთხოვნის შემდეგაც, ლ.ჩ-მ არ დაცალა ბინა და შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობა, რითაც მიაყენა პირდაპირი და უშუალო ზიანი მ.მ-ს კანონიერი ინტერესებს. შედეგად, დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონების მესაკუთრის გრაფაში მითითებულია – “რეგისტრაცია გაუქმებულია”.

მ.მ -ს ადვოკატმა – ლამარა ბარკალაიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის გამგეობის მიერ ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც მ.მ-ს კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინა გადაეცემა უსასყიდლოდ საკუთრებაში, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 31 მაისს მიიღო უსაფუძლო და უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფლდა მ.მ-ს სარჩელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია გადაწყვეტილებაში არ მსჯელობს იმ საკითხთან დაკავშირებით,  თუ კონკრეტულად რატომ მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას და რომ სამგორის გამგეობის მიერ მ.მ-ს სასარგებლო ბრძანება არ იყო მიღებული ყველა გარემოებების გათვალისწინებით, რატომ მიიჩნევს რომ გადაცემულ და მიღებულ ფართებს შორის არის უზუსტობა, და რით არის ეს გამოწვეული, რატომ ფიქრობს, რომ მ.მ-ს  არ უდგინდება ფლობის ფაქტი და როგორია ამასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. სასამართლო მხოლოდ მიუთითებს ე.წ. უსწორობაზე, თუმცა არ განიხილავს იმას, თუ რით არის გამოწვეული აღნიშნული შეუსაბამობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია გადაწყვეტილება, სადაც აშკარად მითითებულია რომ ქ. თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 12 აპრილი №07.194.958  გადაწყვეტილებაში მითითებული ბინა მდებარეობს იმ კონკრეტულ მისამართზე და არის ის უძრავი ქონება, რომელზეც გაიცა სამგორის რაიონის ბრძანება.

სასამართლო ასევე ამბობს, რომ მ.მ-ს არ უდგინდება ფლობის ფაქტი. თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია ერთგვაროვანი პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით და არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ პირის მიერ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ნივთის ფაქტობრივად დაუფლების შეუძლებლობა არ შეიძლება გახდეს სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეალიზაციის შეზღუდვის საფუძველი, დაუშვებელია პირს შეეზღუდოს საკუთარი უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ის საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ვერ დაეუფლა ნივთს. მ.მ სადავო ფართს ვერ ფლობს მესამე პირის არამართლზომიერი, განგრძობადი მოქმედების გამო და უშუალოდ მისი ბრალით არ მომხდარა ფართის მფლობელობაში მიუღებლობა, აღნიშნული ვერ გახდება საქართველოს მთავრობის დადგენილების გამოუყენებლობის საფუძველი. შესაბამისად, მის მიერ საცხოვრებელი ფართით სარგებლობა ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო. (08.12.2010წ. №ბს-818-792(კ-10) განჩინება;  28.12.2012წ. №ბს-308-304(კ-12) განჩინება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ქ. თბილისის მერიას არ ჰქონდა უფლება ბათილად ეცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის ბრძანება და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ბათილად უნდა ეცნო მერიის გადაწყვეტილება და დაეკისრებინა სამგორის რაიონის გამგეობისათვის ახალი აქტის გამოცემის ვალდებულება, რომლითაც აღიარებულ იქნებოდა მ.მ-ს საკუთრების უფლება სადავო ბინაზე.

სწორედ აღნიშნული საფუძვლით გაასაჩივრა მ.მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლამარა ბარკალაიამ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, სადაც გაირკვევა აღნიშნული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის დაუსაბუთებლობა და მიღებულ იქნება რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება.