მოახდინე საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ უძრავ ქონებაზე და წინასწარ განსაზღვრე მისი საფასური

94

ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც თვითნებურად აქვს დაკავებული მიწის ნაკვეთი, საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მოახდინოს მათზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ რა ითვლება თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთად.

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად ითვლება:

  1. ფიზიკური პირის მიერ კანონის ამოქმედებამდე (2007 წელი) თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა;
  2. ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, კანონის ამოქმედებამდე (2007 წელი), თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

როგორც აღვნიშნეთ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ, რომელიც ფართობით საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებითად ნაკლებია.

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა  საკრებულოს მიერ შექმნილი, მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც საკითხის განხილვას იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი. დაინტერესებული პირი წარადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მიწის ნაკვეთის თვითნებებურად დაკავების ფაქტს. აღნიშნულ დოკუმენტს კი წარმოედგენს:

  1. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის (ტექბიუროს) მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, რომელიც შეიცავს მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე;
  2. ორთოფოტო (იგივე აეროფოტო გადაღება);
  3. აბონენტად აყვანის დოკუმენტი, კომუნალური მომსახურების გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი;
  4. სასამართლო აქტი;
  5. მოწმის ჩვენება (განცხადება) მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადასტურების თაობაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული.

განცხადებას თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ კომისია განიხილავს 2 თვის ვადაში, აგრეთვე კომისიას უფლება აქვს, ეს ვადა გაზარდოს არაუმეტეს 6 თვემდე. ხოლო გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით, მას შემდეგ რაც მხარისთვის ცნობილი გახდება გადაწყვეტილების შესახებ, მოცემული დღიდან 30 დღის განმავლობაში.

კანონის მიხედვით საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება ისეთი მიწის ნაკვეთები როგორიცაა – დაცული ტერიტორია, რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი; ასევე მიწის ნაკვეთები, რომლებზეც განთავსებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედანი, ქუჩა, გზა, ტროტუარი და სხვა მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი სივრცე), ასევე დასასვენებელი ადგილები (პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური და ბოტანიკური ბაღი; პანთეონი; ასევე თუ ტერიტორია განკუთვნილია ნავთობის, გაზის მილსადენებისა ან მათი მშენებლობის და ექსპლუატაციისთვის და სხვა.

განსხვავებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს , რომელმაც საკუთრების უფლებით უნდა დაირეგისტრიროს უძრავი ქონება უნდა გადაიხადოს წინასწარ განსაზღვრული საფასური და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მას საშუალება საკუთრების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ქონება. საფასურის ოდენობა კი გამოითვლება შემდეგნაირად :

ფიზიკური პირები, რომლებისაც სურთ საკუთრების უფლებით აღირიცხოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ყოველ ჰექტარზე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – ოცმაგ ოდენობას. აღნიშნული დანაწესი მცირედით იცვლება, როდესაც თვითნებურად დაკავებული ნაკვეთი მდებარეობს ქ. თბილისის ტერიტორიაზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თვითნებურად დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე შეადგენს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ მიწის ნორმატიულ ფასს.

საკუთრების უფლების აღიარების საფასური გადახდილ უნდა იქნეს ერთიანად.