ადვოკატების ინიციატივა ცვლილებებისთვის

1 037

იურიდიული კომპანია „BGL“ იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის სახელწოდებაა – „ადვოკატების ინიციატივა ცვლილებებისათვის“ და იწვევს სამართლის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

ცვლილებები არის საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რადგან დროთა განმავლობაში იცვლება საზოგადოების ღირებულებები, შეხედულებები, მიდგომები. გარდა ამისა, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხშირად ის, რაც წერია კანონმდებლობაში, რეალურ ცხოვრებაში არ არის ეფექტური, არის ბუნდოვანი და უსამართლო. ზუსტად ამ მიზეზთა გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება განვახორციელოთ პროექტი „ადვოკატების ინიციატივა ცვლილებებისათვის“, რომელიც შედგება შეხვედრების ციკლისაგან და მასში მონაწილეობას მიიღებენ სამართლის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები.

პროექტის ფორმატი არის ინტერაქციული და თითოეულ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში და წარმოადგინოს თავისი ხედვა ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის შეხვედრას და, უმრავლეს შემთხვევაში, მიგვიყვანს პრობლემური საკითხის დაძლევის საუკეთესო გზამდე.

ხარვეზები, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში, არის ადამიანის უფლებების დაცვის შემაფერხებელი გარემოება, რომელიც აძნელებს სამართლიანობის აღდგენას. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა იურიდიული სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობას მოგვცემს შევიტანოთ ჩვენი წვლილი კანონმდებლობის დახვეწისა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის კუთხით.