საჯარო რეესტრის მიერ, უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე, მიღებული გადაწყვეტილებების განსჯადობის პრობლემა

987

საჯარო რეესტრთან დაკავშირებული დავების განსჯადობის პრობლემა მწვავედ დგას თანამედროვე საპროცესო სამართალწარმოებაში. ხშირად, არა მხოლოდ მოსარჩელისათვის, არამედ სასამართლოებისათვისაც გაუგებარია, თუ ვინ უნდა განიხილოს დავა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

რეესტრთან მიმართებით დავებში ძირითადად ორი პრობლემა იკვეთება. პირველის მიხედვით, რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იმდენად ემსგავსება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამოქალაქო აქტებს, რომ დასაბუთების გარეშე რთულია დადგინდეს დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს, თუ უმჯობესია იგი სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს დაექვემდებაროს.

დავის ადმინისტრაციული კანონმდებლობით გადასაწყვეტად მიჩნევისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს არსებობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლიც უმთავრესი ფუნქცია რეგისტრაციაა, რაც საჯარო უფლებამოსილებათა რიცხვს განეკუთვნება. ამდენად, წარმოადგენს რა სსიპ-ს და ახორციელებს რა საჯარო უფლებამოსილებებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

მეორე მხრივ, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის ადმინისტრაციულო ორგანოს არსებობა საკმარისი არ არის, ამისათვის აუცილებელია, კონკრეტული დავა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. უძრავი ნივთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეები მოითხოვენ უძრავი ნივთის რეგისტრაციაში გატარებას, ანუ არსებული უფლების ტექნიკურად აღრიცხვას. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ამ შემთხვევაში, დავა ეხება არა საკუთრების უფლების დადასტურებას, არამედ მის რეგისტრაციაში გატარებას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს. მოსარჩელე მოთხოვნას ადმინისტრაციულ კანონმდებლობაზე ამყარებს და ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის ბათლად ცნობასა და უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარებას. განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და სარჩელი აღძრულია სასკ-ის 2.1 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. ამასთან, შესაძლოა ქონებასთან მიმართებით სადავო იყოს საკუთრების საკითხი, თუმცა აღნიშნული მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს, ვინაიდან  დავა წარმოიშობა კერძო პირებს და არა მოსარჩელესა და რეესტრს შორის, რეესტრისგან მოთოვნილია უფლების რეგისტრაცია. მოთხოვნა უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის განორციელებას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს.[1]

სხვა მსგავს სასამართლო გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ იგი ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ შემთხვევაში დავის საგანს უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დადგენა წარმოადგენს და საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების განხორციელება თანმდევი შედეგია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ ეფუძნება — არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული ურთიერთობიდან (ასე მაგალითად, საკუთრების დადგენა), რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების დავალება თანმიმდევრული შედეგი იქნებოდა, მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა — ადმინისტრაციული ორგანოსათვის უძრავი ნივთის სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების დავალება ამ უკანასკნელის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, დავა გამომდინარეობს საჯარო სამართლის კანონმდებლობიდან.[2]

აქედან გამომდინარე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავის საჯარო სამართლებრივ დავათა კატეგორიად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვყავდეს ადმინისტრაცული ორგანო, ამასთან, წარმოშობილი ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნული განსჯადობის პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელი წინაპირობაა. თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამდენად, თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს თუ რა აქტთან გვაქვს საქმე, რომელი კანონმდებლობა (საჯარო, თუ კერძო) აწესრიგებს მას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამოსავალი წერტილი განსჯადობის პრობლემის გადაწყვეტისას ის კანონმდებლობაა, რომელიც აწერიგებს წარმოშობილ ურთიერთობებს.

[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის Nბს-1163-1114 (გ-07) გადაწყვეტილება.

[2]  საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის  Nბს-1162-1113 (გ-07) გადაწყვეტილება.

გულნაზ ბოკუჩავა